ურთიერთთანამშრომლობა

„ჩაილდფანდ ინ ჯორჯია“ (ბავშვთა ფონდი საქართველოში), არის ChildFund Deutschland”-ის  („ბავშვთა ფონდი გერმანია“) სტრატეგიული პარტნიორი - ბავშვზე ორიენტირებული, სათემო განვითარების ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1978 წლის იანვარში. ორგანიზაციის სათაო ოფისი არის გერმანიაში, შტუტგარდთან ახლოს და აერთიანებს 22 თანამშრომელს. ორგანიზაციის წლიური ბრუნვა არის 9 მილიონი ევრო. „ბავშვთა ფონდი გერმანია’’ არის ბავშვთა ფონდის ალიანსის წევრი, რომელიც 2002 წელს დაარსდა და  11 ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას აერთიანებს (ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, აშშ.) ბავშვთა ფონდის ალიანსის პროგრამის სტანდარტები არეგულირებს  ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობები, ბავშვთა დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, მონიტორინგი და შეფასება, ასევე,  ფინანსური და პროგრამული ანგარიშვალდებულებები.

„ბავშვთა ფონდის“ წევრი ორგანიზაციები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ოპერირებენ. „ბავშვთა ფონდი გერმანია“ კი, 32 ქვეყანაში მუშაობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ეს ქვეყნებია: უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და  საქართველო. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა საქართველოში 2017 წლიდან დაიწყო და ფოკუსირებული იყო სოციალურ მეწარმეობაზე. 2019 წლის მეორე ნახევრიდან კი, „ბავშვთა ფონდ გერმანიის“ აქტივობები გაფართოვდა. ორგანიზაციასთან „ბავშვთა ფონდი საქართველოში“ თანამშრომლობით, საქმიანობის საკვანძო სფეროებია: ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება მდგრადი განვითარებისათვის,  ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე, ასევე, საკვები პროდუქტებით დახმარება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი ბავშვებისათვის.

„ბავშვთა ფონდი საქართველოში“ ღიაა თანამშრომლობისათვის და მიესალმება განვითარებისაკენ მიმართულ ინიციატივებს და პროექტის იდეებს დაინტერესებული მხარეებისაგან, მეგობრებისა და პროფესიული ასოციაციებისგან. თუ თქვენ გაქვთ იდეა რომელიც მიმართულია საქართველოს განვითარებისაკენ, იქნება ეს პროექტის იდეა, საწარმოს განვითარება, უნიკალური ტექნოლოგიების დანერგვა თუ ბიზნეს საქმიანობა, „ბავშვთა ფონდი“ მზადაა თქვენი იდეების მოსმენის, შეფასებისა და თანამშრომლობისათვის.