"ჩაილდფანდ ინ ჯორჯია"-ს პროექტის პრეზენტაცია
პარასკევს, 18 სექტემბერს „ჩაილდფანდ ინ ჯორჯია’’-მ გამართა პროექტის პრეზენტაცია ტრენინგი სახელწოდებით ,,სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“. ღონისძიებას ესწრებოდა 20 ტრენერი და პროექტის ასისტენტი, რომლებიც შექმნიან პროექტის მთავარ გუნდს. სემინარი ჩატარდა თბილისში, სასტუმრო დ’პლაზას აუდიტორიაში.
ღონისძიებას წარუძღვა „ჩაილდფანდ-ინ-ჯორჯიას“-ს დირექტორი და მრჩეველი გაი დე ფონტგალანდი, რომელმაც წარადგინა 90 წუთიანი პრეზენტაცია თემაზე: სოციალური მეწარმეობა და შედეგზე ორიენტირებული ინვესტირება. ამას მოჰყვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისა და კრისტალის ფონდის თავმჯდომარის, არჩილ ბაკურაძის პრეზენტაცია სოფლის მეწარმეობის გააქტიურებასა და სოფლად ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ხელახლა აღმოჩენის თემაზე. პრეზენტაციების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი აზრები და იდეები გაუზიარეს. დამსწრეებს, მოსწავლეებთან ტრენინგების ჩასატარებლად, გადაეცათ სოციალური მეწარმეობის კომპენდიუმი, რომელიც ბავშთა ფონდის მიერ შემუშავდა.
ნინო ოსიტაშვილმა, „ბავშთა ფონდ გერმანიის“ ქვეყნის წარმომადგენელმა და „ჩილდფანდ ინ ჯორჯია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მონაწილეებს პროექტის და მისი განხორციელების დეტალები გააცნო.
სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით ერთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს 5 რეგიონის, 20 სკოლის 1000 მოსწავლის გადამზადებას თუ როგორ შეიძლება სოფლის რესურსების ინოვაციური გამოყენებით, მიკრო საწარმოების დაგეგმვა და დაფუძნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების საფუძვლიანი ინფორმირება სოფლის რესურსების და ამ რესურსების სათანადო დაფასების შესახებ, რათა შეფერხდეს მათი გადინება სოფლებიდან ქალაქებში.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ბავშთა ფონდ გერმანიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული მხარდაჭერით.